პერსონალი არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომლის დანიშნულებაა პერსონალის ცნობარის შექმნა. იგი გამოიყენება როგორც საკუთარი კომპანიის, ასევე მომწოდებელი, მყიდველი და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების ცნობარის შესაქმნელად.

ფორმა შედგება ორი განყოფილებისგან: პერსონალის ცხრილისა და თანამშრომლის პარამეტრებისგან.

განახლების ღილაკით ზედა მხარეს გამოდის უკვე დამატებული პერსონალის ჩამონათვალი, ხოლო ქვედა მხარეს კონკრეტული პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ივსება მხოლოდ საკუთარი კომპანიის თანამშრომლებისთვის.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ:

ახალი პიროვნების დასამატებლად გამოიყენეთ დამატების ღილაკი. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა პერსონის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფებია პირადი ნომერი და სახელი;

  • პირადი  - იწერება პიროვნების პირადი, თერთმეტ ნიშნა ნომერი;
  • სახელი ;
  • გვარი;
  • სრული სახელი - შეგიძლიათ ჩაწეროთ თანამშრომლის სრული სახელი. იმ შემთხვევაში თუ გრაფას არ შეავსებთ, ავტომატურად ჩაიწერება "სახელი" + "გვარი" ტექსტი. ეს ტექსტი გამოჩნდება ხელფასის დარიცხვისა და გაცემის უწყისებში;
  • მამის სახელი;
  • სქესი - არის მოსანიშნი გრაფა, რომელშიც ავტომატურად მონიშნულია მამრობითი და მისი შეცვლა შესაძლებელია;
  • დაბადების თარიღი - იწერება პერსონის დაბადების თარიღი. ველში არსებული კალენდრის ღილაკით უნდა აირჩიოთ პიროვნების დაბადების თარიღი;
  • დაბადების ადგილი - ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში გამოდის ქვეყნების და ქალაქების ცნობარში არსებული ქალაქების ჩამონათვალი. ახალი ქალაქის დამატება, არსებულის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია აღნიშნული ცხრილიდან;
  • მოქალაქეობა
  • რეზიდენტობა - არის მოსანიშნი გრაფა, რომელშიც ავტომატურად მონიშნულია რეზიდენტი და სურვილის შემთვევაში შესაძლებელია მისი შეცვლა;
  • თანამდებობა - იწერება ის თანამდებობა რომელსაც იკავებს პიროვნება ორგანიზაციაში. ეს გრაფა ივსება მხოლოდ სხვა კომპანიის თანამშრომლის რეგისტრაციისას, მაგალითად როდესაც ამატებთ მომწოდებელი კომპანიის ბუღალტერს, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომელს და ავსებთ მის შესახებ ინფორმაციას.  საკუთარი კომპანიის თანამშრომლის თანამდებობის შესახებ ინფორმაცია ივსება თანამშრომლის პარამეტრების განყოფილებაში;
  • მობილური - იწერება პიროვნების მობილური ტელეფონის ნომერი;
  • სახლის ტელეფონი
  • ელ - ფოსტა - იწერება ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მისამართი იწერება პიროვნების საცხოვრებელი მისამართი;
  • შეჩერებული - არის მოსანიშნი ღილაკი, რომელიც ინიშნება იმ შემთხვევაში თუ  პიროვნება აღარ ირიცხება კომპანიის პერსონალის სიაში, თუმცა მის წაშლას ვერ ახერხებთ იმის გამო, რომ გამოყენებულია ხელფასის უწყისებში;
  • აღწერა - გრაფა გამოიყენება პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისათითებლად;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ სურვილის მიხედვით ჩაწეროთ ნებისმიერი ტექსტი.


იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება არის საკუთარი კომპანიის თანამშრომელი, უნდა შეავსოთ თანამშრომლის პარამეტრების განყოფილებაც. ეს ინფორმაცია გამოიყენება ხელფასის უწყისების ფორმაში დარიცხვის და გაცემის უწყისების დამატებისას და მათ საფუძველზე შესაბამისი ბუღალტრული გატარებების ფორმირებისათვის.

  • სტატუსი -  ჩამოსაშლელი ღილაკით აირჩიეთ თანამშრომლის სტატუსი კომპანიაში;
  • დეპარტამენტი - ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში წარმოდგენილია კომპანიის  დეპარტამენტების ცნობარში არსებული ჩანაწერების ჩამონათვალი.  ახალი დეპარტამენტის დამატება, არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია დეპარტამენტების ცნობარიდან;
  • თანამდებობა - ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში წარმოდგენილია კომპანიაში არსებული თანამდებობების ჩამონათვალი.  ახალი თანამდებობის დამატება, არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია თანამდებობების ცნობარიდან;
  • ხელფასი -  გრაფა ავტომატურად შეივსება იმ შემთხვევაში თუ თანამდებობის გრაფაში მითითებულ ჩანაწერს თანამდებობების ცნობარში მითითებული აქვს თანამდებობისთვის განსაზღვრული ხელფასი. ავტომატურად ჩაწერილი თანხის რედაქტირება შესაძლებელია. გრაფაში იწერება თანამშრომლის დარიცხული ხელფასი, რომელიც შემდგომში გამოიყენება ხელფასის უწყისების ფორმაში. თუმცა ანაზღაურების ცვლილება კონკრეტული დარიცხვის უწყისისთვის შესაძლებელია აგრეთვე დარიცხვის უწყისის დამატების დროსაც;
  • წლიური შეღავათი -  იწერება თანამშრომლის მიერ წლის განმავლობაში მისაღები ის სარგებელი, რომელიც არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
  • შეღავათის დაწყების თარიღი - იწერება ის თარიღი, რომელშიც წარადგინა დასაქმებულმა საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ თარიღის შემდგომი პერიოდის დარიცხვის უწყისიდან დაიწყება წლიური შეღავათის გათვალისწინება;
  • ხარჯის ანგარიში -  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ ის ბუღალტრული ანალიზური ანგარიში, რომელზეც გსურთ აისახოს მოცემულ პიროვნებაზე დარიცხული ხელფასის ხარჯი. ახალი ხარჯის ანგარიშის დამატება, არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია ანგარიშების ცნობარიდან;
  • დარიცხვის ანგარიში - ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ ის ბუღალტრული ანალიზური ანგარიში, რომელზეც გსურთ აისახოს მოცემული პიროვნების კუთვნილი ანაზღაურებით წარმოქმნილი სახელფასო ვალდებულება. ახალი "გადასახდელი ხელფასის" ანგარიშის დამატება, არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია ანგარიშების ცნობარიდან. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ყველა თანამშრომლისთვის გახსნათ ცალ-ცალკე ანგარიში სახელფასო ვალდებულების აღრიცხვისთვის;
  • გადახდის ანგარიში -  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ ის ბუღალტრული ანალიზური ანგარიში, საიდანაც ხდება ხელფასის გაცემა. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიუთითეთ ნაღდი ფულის ანგარიში, ხოლო საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში - ბანკის ბუღალტრული ანგარიში. ახალი ანგარიშის დამატება, არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია ანგარიშების ცნობარიდან;
  • აღნიშნული ანგარიშების მითითება საჭიროა იმისთვის, რომ ხელფასის დარიცხვისა და გაცემის უწყისების ბუღალტერიაში ასახვა მოხდეს ავტომატურად ხელფასების ფორმიდან;
  • ბანკი -  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ ის მომსახურე ბანკი, რომელშიც გახსნილია ანგარიში და რომლიდანაც ხდება თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა. აღნიშნული გრაფა არის საინფორმაციო ხასიათის;
  • ბანკის ანგარიში -  გრაფაში იწერება თანამშრომლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
  • არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით  არის მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში, დარიცხვის უწყისის ფორმირებისას კონკრეტული თანამშრომლის ხელფასიდან არ მოხდება საშემოსავლო გადასახადის გამოყოფა.
  • საპენსიო ფონდი -  არის მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში თანამშრომლის დარიცხული ხელფასიდან მოხდება საპენსიო გადასახადის გამოყოფა და აგრეთვე კომპანიის ხარჯზე გადასახდელი საპენსიო გადასახადის დარიცხვა.

დამატებული პიროვნების ინფორმაციის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი - „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია.

ცხრილიდან არასასურველი ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. პერსონალის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის ხელფასის დარიცხვის ფორმაში.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free help authoring environment